воскресенье, 1 февраля 2009 г.

საქართველოში ასტრონომიის სწავლება უნდა აღდგეს - ექსპერტები


ქართველი ასტრონომები სკოლებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასტრონომიის სწავლების აღდგენის წინადადებით, ასევე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიისთვის დამოუკიდებელი სტატუსის დაბრუნების მოწოდებით გამოდიან.
”დღეს საქართველოს სკოლებში ასტრონომიას არ ასწავლიან. გარდა ამისა, გაუქმებულია ასტრონომიის კათედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ობსერვატორიამ დამოუკიდებლობა დაკარგა, იგი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუერთეს. ყოველივე ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ ახალგაზრდობამ განათლების ამ ძალიან მნიშვნელოვანი სფეროს შესახებ არაფერი იცის”, - განაცხადა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორეპონდენტმა, ობსერვატორიის ყოფილმა დირექტორმა როლან კილაძემ.
ასტრონომიის მნიშვნელობის დასადასტურებლად კილაძემ მაგალითად იუნესკოს პოზიცია მოიყვანა, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფოს განვითარების დონე ბევრად არის დამოკიდებული ფილოსოფიაზე, ასტრონომიასა და სპორტზე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ასტრონომიის განვითარების სფეროში ისევე, როგორც სხვა სფეროებში, მნიშვნელოვანი პრობლემები გაჩნდა. ხუთი წლის წინ ობსერვატორია დანგრევის პირას აღმოჩნდა.
საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ობსერვატორიის ყოფილმა დირექტორმა ჯუმბერ ლომინაძემ ასტრონომებს, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც აგრძელებდნენ მუშაობას, გმირები უწოდა.
მან გააკრიტიკა რეფორმა, რომლის თანახმადაც, ობსერვატორიამ დამოუკიდებლობა დაკარგა. მისი თქმით, ახალგაზრდობამ, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება წარმოადგენს, სანამ მსგავს გადაწყვეტილებებს მიიღებს, გამოცდილ მეცნიერებს რჩევა უნდა ჰკითხოს.
საბედნიეროდ, როგორც ობსერვატორიის ამჟამინდელმა დირექტორმა გია ჯავახიშვილმა განაცხადა, გასულ წელს 14 შენობის რეაბილიტაცია ჩატარდა და ახალი აღჭურვილობა იქნა შეძენილი, რაზეც 2 მლნ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი.
”ქართულ ობსერვატორიას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ მრავალი აღმოჩენა გაკეთდა , რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისი თქმით, ახალგაზრდებს შორის ასტრონომიის მიმართ დიდი ინტერესი შეინიშნება, მაგრამ, სამწუხაროდ, მას გაგრძელება არა აქვს. ამის მიზეზი განათლების სფეროში არსებული ნაკლოვანებებია, კერძოდ, ამ ინტერესის რეალიზების პირობების არარსებობა.
ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოში ასტრონომიის მომავალს მაინც ოპტიმიზმით უყურებს. მისი თქმით, მომავალი წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სტუდენტებისათვის სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება - გაცნობითი კურსი და ასტრონომიის შესავალი.
ამ წელს კი, ასტრონომიის საერთაშორისო წლის ფარგლებში, რომელსაც 2009 წელს იუნესკომ მისცა სტარტი, ამ სფეროს პოპულარიზაციის მიზნით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. კერძოდ, სისტემატურ ხასიათს მიიღებს აქციები სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ობსერვატორიის ნახვას უფრო ხშირად შეძლებენ. გარდა ამისა, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ორი სასწავლო კურსი შედგება.
2008 წლის 29 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელი ასტრონომიის საერთაშორისო წლად გამოაცხადა. მან ”იუნესკო” წამყვან დაწესებულებად და მისი ჩატარების კოორდინატორად დანიშნა. ამასთან დაკავშირებით 15 იანვრიდან ”იუნესკოში” ასტრონომიის საერთაშორისო წელს სტარტი მიეცა.
2009 წლის განმავლობაში მრავალრიცხოვანი ღონიძიება ჩატარდება, რომელიც მიმართული იქნება ასტრონომიულ მეცნიერებათა მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ახალი ცოდნის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობისკენ.

Комментариев нет: