вторник, 23 декабря 2008 г.

პედაგოგების სამედიცინო დაზღვევას ათი კომპანია უზრუნველყოფს

საჯარო სკოლების მასწავლებლების, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის და სხვა სასწავლებლების პედაგოგების სამედიცინო დაზღვევას ათი კომპანია უზრუნველყოფს

2008 წლის 23 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.დაზღვევის ექვსწლიანი სადაზღვევო პროგრამისთვის 80 ათასამდე ბენეფიციარისთვის 2009 წელს ბიუჯეტში 19,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.სადაზღვევო ვაუჩერის მიღების შემდეგ საჯარო სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და სხვა სასწავლებლების პედაგოგები შეარჩევენ სასურველ სადაზღვევო ორგანიზაციას. ახალი წლიდან პედაგოგებს ათი სადაზღვევო კომპანია დააზღვევს. ესენია: ”ალდაგი-ბი-სი-აი”, ”იმედი-L international”, ”ჯი-პი-აი ჰოლდინგი”, ”ირაო”, ”სახალხო დაზღვევა”, ”არქიმედეს გლობალ ჯორჯია”, ”ტაო”, ”ვესტი”, ”ქართუ”, ”აი სი ჯგუფი”. ვაუჩერის მფლობელები სადაზღვევო ორგანიზაციის შერჩევის პროცესში თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში. მიუღებელია რაიმე სახით ჩარევა ან ზემოქმედება ბენეფიციარის მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთების პროცესზე დაწესებულებების ადმინისტრაციებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ. ბრიფინგზე ბ-მა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა სკოლებში თანხის აგროვებასთან და სადაზღვევო კომპანიების არჩევისას სკოლების ადმინისტრაციების და სხვა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან პედაგოგებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. დღეიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდება.მინისტრმა განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში ყველა სახის კომუნალურ გადასახადს ფარავს და მომავალშიც დაფარავს სახელმწიფო. თუ სადმე ტექნიკური შეფერხებებია, სამინისტროს მხრიდან რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება. ,,ჩვენთვის ცნობილი ხდება და კატეგორიულად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ სკოლაში მიმდინარეობს თანხების აკრეფა კომუნალური, სარემონტო და სხვა სახის საჭიროებებისთვის. გენერალური ინსპექცია გადაამოწმებს ყველა ასეთ ინფორმაციას და მოხდება სათანადო რეაგირება კანონის ფარგლებში”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. გთხოვთ, ყველა ამ ტიპის შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოთ სამინისტროს გენერალური ინსპექციას, ცხელ ხაზზე 43 88 11, 43 88 09.

Комментариев нет: